logo
ENG



კობახიძის თქმით, უკრაინაში უმაღლეს საპარლამენტო დონის ვიზიტზე "მკაფიო წინაპირობები" აქვთ

11 აპრ 202220:22
3 წუთის საკითხავი
 
კობახიძის თქმით, უკრაინაში უმაღლეს საპარლამენტო დონის ვიზიტზე "მკაფიო წინაპირობები" აქვთ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მმართველი პარტიაში მიიღეს გადაწყვეტილება, საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები უკრაინაში ჩავიდნენ, თუმცა მისივე თქმით, უმაღლესი საპარლამენტო დონის ვიზიტზე "მკაფიო წინაპირობები" არსებობს.

პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან ჩამოთვალა რამდენიმე მიზეზი, რომელიც მათი მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლების მხრიდან "შეურაცხმყოფელი ნაბიჯებია" საქართველოს სახელმწიფოს მიმართ.

"ზოგადი მზაობა იმასთან დაკავშირებით, რომ უმაღლეს საპარლამენტო დონეზეც შედგეს ვიზიტი, არსებობს, თუმცა აქ არის მკაფიო წინაპირობები. ეს წინაპირობები ყველამ იცით, რას უკავშირდება.

სამწუხაროდ, გადაიდგა რამდენიმე შეურაცხმყოფელი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

როცა ხდება სახელმწიფოს შეურაცხყოფა, ასეთ დროს, საჭიროა პოზიციის დაფიქსირება. ეს უკავშირდება იგივე ელჩის გაწვევის საკითხს. ჯერ იყო კონსულტაციებზე გაწვეული, შემდეგ თანამდებობიდან გათავისუფლდა. დღემდე, უკრაინა რჩება დემარშის მდგომარეობაში საქართველოს მიმართ, ასე გამოდის. ამის შემდეგ რაიმე განსხვავებული ნაბიჯი ჩვენ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან არ გვინახავს - ეს ვითარება არის შესაცვლელი.

მეორე - ჩვენ მოვისმინეთ ბრალდება კონტრაბანდასთან დაკავშირებით. შემდეგ, შერბილებული განცხადებებიც მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, თუმცა დაგვეთანხმებით, რომ ეს არ არის საკმარისი,. როდესაც ასეთი ბრალდება მოდის უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ამას სჭირდება სათანადო დადასტურება ან უარყოფა, რაც ჩვენ არცერთი არ მოგვისმენია. შესაბამისად, ეს საკითხიც რჩება აქტუალური.

მესამე და ყველაზე პრინციპული საკითხი - ჩვენ გვგონია, რომ ყველა ამ პრობლემის სათავე არის ის, რომ დღემდე ადამიანები, რომლებიც საქართველოში რადიკალური ოპოზიციური ლიდერები არიან, უკრაინის ხელისუფლებაში არიან წარმოდგენილები. ესენი არიან: სააკაშვილი, რომელიც არის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი, გენპროკურორის მრჩეველი ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, რომელიც არის დაწინაურებული კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე და ნუ, არახამია არის პირი, რომელიც უზრუნველყოფს პირდაპირ კავშირს ამ ადამიანებსა და უკრაინის ხელისუფლებას შორის. ეს არის სამწუხარო რეალობა", - თქვა კობახიძემ.

რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკმა ბუჩაში ჩასასვლელად ყველა პარლამენტარი, მათ შორის შალვა პაპუაშვილიც მიიწვია. აქედან მალევე თავმჯდომარის კაბინეტმა გააკეთა განცხადება, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო პაპუაშვილი დისტანციურ რეჟიმში მუშაობს, მოგვიანებით კი პაპუაშვილმა მიწვევას არასათანადო უწოდა.


close დახურვა